ბერტა ფონ ზუტნერი დღემდე ითვლება საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად. თავისი რომანით „ძირს იარაღი!“ მან ამ მოძრაობას საძირკველი ჩაუყარა და 1905 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. ასე გახდა ბერტა ფონ ზუტნერი მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის, განსაკუთრებით კი საქართველოში გატარებული პერიოდის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. არადა, მისი შემდგომი სამოქალაქო აქტივობის ქვაკუთხედად სწორედ ეს იძულებითი ემიგრაცია იქცა, რომელში წასვლაც ბერტასა და მის მეუღლეს არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერს ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელი და მიუღებელი ქორწინების გამო მოუწიათ. გარდა ამისა, საქართველო – როგორც მაშინ, მე-19-ე საუკუნეში – დღესაც რჩება გეოპოლიტიკური კრიზისების რეგიონად, რომელსაც გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები აქვს. 2014 წელს დაწყებულმა უკრაინის ომმა, განსაკუთრებით კი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ევროპულ საზოგადოებაში მოულოდნელად ისევ გააჩინა ამ სიტუაციის არსებობის შემაშფოთებელი განცდა.
სწორედ ამიტომ, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მშვიდობის აქტივისტის ცხოვრებისეულ ეტაპებთან დაკავშირებული ინფორმაციის წყაროებზე დაყრდნობით, დიდაქტიკურ-ინტერაქტიური კუთხით დამუშავება და ძირითადი აქცენტის საქართველოში გატარებულ წლებზე გადატანა. პროექტზე მომუშავე გუნდისათვის თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების დაინტერესება და პროექტში საშუალო სკოლების აქტიური ჩართვა, როგორც ავსტრიიდან, ისე საქართველოდან. ასე იქცა ზუტნერის ტექსტები მოსწავლეებს შორის გაჩაღებული დისკუსიის საფუძვლად, რამაც იმავდროულად, ერთმანეთთან კონტაქტის ფარგლებში ისიც აშკარა გახადა, რომ მათ, ცხოვრებსეული გარემოდან გამომდინარე, მშვიდობასა და კონფლიქტთან დაკავშირებით ზოგჯერ უკიდურესად განსხვავებული გამოცდილებები და შეხედულებები აქვთ.
პროექტის შედეგები წინამდებარე ვებგვერდზე განთავსდება, რაც ამ იდეების არამარტო სასკოლო სწავლების პროცესში გაზიარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მათი შემდგომი გააზრებისა და განვითარების შესაძლებლობასაც. ამგვარად, ავსტრიის მიერ ინიცირებულმა საერთაშორისო, საზღვრებს გარეშე თანამშრომლობამ, რომელიც მონაწილე სკოლების მოსწავლეებს ბერტა ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აცნობს, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს კონფლიქტების მართვისა და მათი ტრანსფორმაციის მცდელობებში.