skip to Main Content

საზოგადოებრივი სტატუსის შესატყვისად

 

ბერტა (ფონ) ზუტნერი თავის მოგონებებში წერს, რომპირველი სიყვარულიჯერ კიდევ 10-11 წლის ასაკში ეწვია. გვიყვება, როგორ შეუყვარდა ახალგაზრდა იმპერატორი ფრანც იოზეფი და რა ბავშვურ აღფრთოვანებას განიცდიდა დედოფალ სისის მიმართ. შემდეგ თავის მომდევნო გატაცებას იხსენებს: როგორ ეტრფოდა ოპერის ერთ მომღერალს და როგორ ოცნებობდა ქორწინებასა და სიყვარულზე. ზუტნერი აღწერს საკუთარ თავს, როგორც ყმაწვილ ქალს, რომელსაც სწამს რომანტიკული ქორწინებისა და სიყვარულის, თუმცა ამავდროულად თავისი საზოგადოებრივი სტატუსის გამო წნეხს განიცდის.

 

  1. 12:

ჩემი პირველი სიყვარული, არც მეტი არც ნაკლები, ფრანც იოზეფ I, ავსტრიის იმპერატორი გახლდათ. მართალია, პირადად არასოდეს შევხვედრივარ – მხოლოდ სურათზე მენახა – , მაგრამ მაინც ძლიერ ვეტრფოდი. გამორიცხულად სულაც არ მიმაჩნდა, რომ შეიძლებოდა ცოლად შევერთე: პირიქით, ვთვლიდი, რომ ბედისწერა ვალში იყო ჩემთან და მისგან რაღაც მსგავსი საჩუქარი მეკუთვნოდა. ბუნებრივია, ლოდინი მომიწევდა, კიდევ 5 ან 6 წელი; ცხადია, ვაცნობიერებდი, რომ ათი წლის გოგონა დედოფალი ვერაფრით გახდებოდა, 15-16 წლის ასაკამდე უნდა მივსულიყავი, როცა ჩემი მშვენიერებით ქვეყნის ყველა ყმაწვილ ქალს დავჩრდილავდი; ერთხელაც ახალგაზრდა ხელმწიფე სადმე თვალს მომკრავდა, საუბარს გამიბამდა და ჩემი სილამაზითა და ჭკუა-გონებით ისე მოიხიბლებოდა, რომ სხვისკენ აღარც გაიხედავდა.

ბედის უკუღმართობამ კი ისე ინება, რომ იმპერატორმა ფრანც იოზეფმა მალევე, 1854 წელს, – მაშინ სულ რაღაც 11 წლისა ვიყავი – თავის დეიდაშვილს, ელიზაბეტს მოჰკრა თვალი, საუბარი გაუბა და ისე მოიხიბლა, რომ სხვისკენ აღარც გაუხედავს. ვერ ვიტყოდი, რომ უბედურად ვგრძნობდი თავს (ზღაპრის პრინცებიც, რამდენიც გინდა, იმდენია), ამჯერად ბავარიის პრინცესა ელიზაბეტით დავინტერესდი და მისი პორტრეტები მოვიძიე. აღმოვაჩინე, რომ რაღაცით მგავდა, მეც მივბაძე და მისი მსგავსი ვარცხნილობა გავიკეთე. ახალგაზრდა მბრძანებლისადმი მხურვალე გრძნობა ამასობაში ჩამიქრა კიდეც. „Chiodo scaccia chiodo“ – ამ ანდაზას იტალიელები მაშინ იყენებენ, როცა იმის თქმა უნდათ, რომ ერთი სიყვარული შეიძლება მეორეთი განიდევნოს.

  1. 13:

თერთმეტის რომ გავხდი, პირველად მაშინ წამიყვანეს თეატრში, სწორედ ჩემი დაბადების დღეს, „თეთრ ქალბატონზე“. ოჰ, ეს ჯორჯ ბრაუნი! („რა სიამოვნებაა, იყო ჯარისკაცი!“) დიახ, ეს ხომ ყველაზე მშვენიერი პროფესიაა ოპერის მომღერლობის შემდეგ. ვინაიდან ამაზე უფრო მომაჯადოებელზე, ამაზე უფრო რაინდულზე, ვიდრე ეს მომღერალი იყო, ვერც კი ვიოცნებებდი. მისი სახელი და გვარიც კი დღემდე მახსოვს – თეოდორ ფორმსი – როგორც ჩანს ძალზე ღრმა იყო შთაბეჭდილება, რომელიც მან ჩემზე მოახდინა. აი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემთვის განკუთვნილი პრინცი. არა უშავს, თუ ნამდვილი უფლისწული არ იქნებოდა, არც ის იყო აუცილებელი, ტენორი ყოფილიყო – თუმცა, ბატონ ფორმს ნამდვილად არ ვეტყოდი ცოლობაზე უარს – ჩემი პრინცი, სულ მცირე, ჯარისკაცი მაინც უნდა ყოფილიყო. როცა ამას ვყვები, კარგად ვიცი, რომ ერთი სულელი გოგო ვიყავი, თუმცა არავითარ შემთხვევაში – ბავშვი. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ თანატოლები არ მყავდა, მათთან თამაშის საშუალება არ მეძლეოდა: ჩემს გარშემო მხოლოდ ზრდასრული ადამიანები იყვნენ, რომელთა ბედისწერაც დიდწილად სიყვარულისა და ქორწინების ირგვლივ ტრიალებდა.

 

  1. 20:

მკაფიოდ ვხედავდი საკუთარ მომავალს, ის ხომ ჩვენს ყოველდღიურ თამაშებში (ზუტნერისა და მისი ბიძაშვილის მიერ გამოგონილი როლური თამაში, რომლის თემებიც მუდმივად იცვლებოდა) აისახებოდა: ზრდასრულობა და სამყაროს შეცნობა; მოტრფიალე გულები და ხელის თხოვნა; შეხვედრა მასთან, იმ ერთადერთთან, რომლის სიყვარულსაც სიყვარულითვე ვუპასუხებდი, რადგან ის ყველაზე წარჩინებული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე კეთილშობილი იქნებოდა. ის, რასაც შემომთავაზებდა და რასაც გულუხვადვე დავუბრუნებდი უკან, სრულქმნილი და უსასრულო ბედნიერება იქნებოდა.

 

ბერტაზე დაქორწინების მოსურნეთაგან პირველი სერიოზული პრეტენდენტი იოზეფ ფონ ვაილენი გახლდათ (როცა მისი ხელი ითხოვა, გოგონა 18 წლისა იყო). 52 წლის ფონ ვაილენი მდიდარი კაცი იყო. ბერტას დედაც 44 წლით უმცროსი იყო ქმარზე, ასე რომ, ქალიშვილსა და მის საქმროს შორის ასეთი თვალშისაცემი ასაკობრივი სხვაობა მშობლებისთვის არავითრი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. მით უფრო, რომ პოტენციური სასიძო საკმაოდ შეძლებული კაცი იყო და ამგვარად, ზუტნერისთვის საიმედო ნავსაყუდელი იქნებოდა.

  1. 55-56:

ისე მოხდა, რომ მწერალმა იოზეფ ფონ ვაილენმა, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი იყო ვენაში და ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა, ჩემი ხელი ითხოვა. დედამ და ჩემმა მეურვემ თანხმობა მისცეს. მართალია, ვაილენი არისტოკრატი არ იყო და თანაც უკვე 52 წლისა გახლდათ, მაგრამ მეც და დედაჩემსაც ფუფუნებაში ცხოვრებას გვპირდებოდა –ვილებსა, ციხე-კოშკებსა და სასახლეებში … ამან კი ისე დამაბრმავა, რომ ცოლობაზე დავთანხმდი. არ ვცდილობ, მომხდარი შევალამაზო. ამაზრზენი ფაქტია, როცა თვრამეტი წლის გოგონა მზადაა, დაქორწინდეს კაცზე, რომელიც არ უყვარს, რომელიც ასაკით ბევრად უფროსია – მხოლოდ იმიტომ, რომ ის მილიონერია! თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამას საკუთარი თავის გაყიდვა ჰქვია. რომანს რომ ვწერდე ქალის ცხოვრებაზე და მის სიმპათიურად წარმოჩენას ვლამობდე, ცხადია, მასზე ასეთ ეპიზოდს არ მოვყვებოდი. მაგრამ რასაც აქ ვწერ, რეალური ადამიანის თავს გადახდენილი ამბებია და მის ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. სრულიად პირიქით იქნებოდა გამოგონილი პერსონაჟის შემთხვევაში, რადგან იგი ჩემი საკუთარი, ამჟამინდელი შეხედულებებისა და გრძნობების მიხედვით შეიქმნებოდა. ეს თვრამეტი წლის ბერტა კინსკი კი – მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ვარ – მეტი არაფერია, თუ არა მოგონებებს შემორჩენილი ერთი ბუნდოვანი სურათი. ის, რაც ამ სურათის ორიგინალმა განიცადა და გადაიტანა, ის, რაც მას გადახდა თავს, მხოლოდ უბრალო კონტურების სახით დაილექა ჩემს მეხსიერებაში, და ამან ჩემი ამჟამინდელი ხასიათის ჩამოყალიბებაშიც შეიტანა თავისი წვლილი; თუმცა მგონია, რომ თავად იმ ორიგინალის მაშინდელ ხასიათსა და ქცევებში ისევე არ მიმიღია მონაწილეობა, როგორც კლეოპატრასა და სემირამიდას ახირებებში.

  1. 56:

იმავე საღამოს (ფონ ვაილენს დღისით უკვე მიეწერა ზუტნერის დედისთვის მისი ქალიშვილის ხელის თხოვნის შესახებ) მეჯლისზე უნდა წავსულიყავით – ჩემს პირველ მეჯლისზე, არისტოკრატთა პიკნიკზე. ამ მეჯლისზე, როგორც წესი, ნაღები საზოგადოება იყრიდა თავს, თუმცა – არა მხოლოდ: ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტებიც გამოერეოდნენ ხოლმე. ახლაც თვალწინ მიდგას ჩემი ჩაცმულობა: პაწაწინა ვარდის კოკრებით მოჩითული თეთრი კაბა. სიხარულის მოლოდინით გულაჩქროლებულმა შევაბიჯე დარბაზში, იქიდან კი გულმოკლული და იმედგაცრუებული წამოვედი. სულ რამდენიმე კაცი ცეკვავდა. ალბათ კოტილიონზეც არავინ გამიწვევდა, რომ არა ერთი შეუხედავი ქვეითი ოფიცერი, რომელსაც საცეკვაოდ არავინ გაჰყვა და ბოლოს მოწყალება ჩემზე მოიღო. დიდგვაროვანი დედები ერთად ისხდნენ, დედაჩემი – განმარტოებით. მათ გასათხოვარ ქალიშვილებსაც ერთად მოეყარათ თავი და გატაცებით საუბრობდნენ – მე არცერთ მათგანს ვიცნობდი. ვახშმისას პატარ-პატარა ჯგუფებად დანაწილდნენ და მხიარულება გაგრძელდა. ჩემთვის ზედაც არავის შემოუხედავს. შინ რომ ვბრუნდებოდით, დედას ვუთხარი:

„დედა, გადავწყვიტე. თანახმა ვარ, ცოლად გავყვე“.

  1. 56:

შემდეგი სცენა: ჩემი თანხმობით გახარებულმა და ბედნიერმა საქმრომ ნიშნობაზე უამრავი საჩუქარი მომართვა: საფირონის თვლით მოჭედილი სამკაულები და მარგალიტის ყელსაკიდი. თავისი ქალიშვილიც გამაცნო: ის მალე 16 წლის შეიქნებოდა (კაცი ხომ ქვრივი იყო), გოგონამ კი „ჩემი ლამაზი, ძვირფასი დედიკო“ მიწოდა, რაზეც ძალიან ვიხალისე.

  1. 57:

კიდევ ერთი სცენა: შუადღეა. მე და ჩემი საქმრო პირველად დავრჩით სახლში მარტონი.

„ბერტა, იცი, როგორი მომხიბლავი ხარ?“ – ხელებს მხვევს, გულში მიკრავს და ტუჩებში მკოცნის. ჩემი პირველი სასიყვარულო კოცნაა, ცხოვრებაში პირველად მკოცნის მამაკაცი და ისიც ხანშიშესული, კაცი, რომელიც არ მიყვარს.

ისეთი ზიზღი ვიგრძენი, თავი ძლივს შევიკავე, არ დამეყვირა და ხელიდან გავუსხლტი. ჩემში პროტესტმა იმძლავრა – არა, ეს არასოდეს მოხდება –

მეორე დღეს საჩუქრები უკან დავუბრუნეთ – ნიშნობა გავაუქმე. ოჯახმა სცადა, წინააღმდეგობა გაეწია: ამ ნაბიჯს ხომ დიდი ხმაური მოჰყვებოდა, მე ხომ სიტყვა გავტეხე, შემეძლო მის წინადადებაზე თავიდანვე უარი მეთქვა, ჩემთვის ხომ ძალა არავის დაუტანებია, ჯერ ცოლობაზე დავთანხმდი და ახლა უეცრად გადაწყვეტილება შევცვალე – ხომ შემეძლო, ცოტა ხანს კიდევ დავფიქრებულიყავი –

„არა, არა – არ შემიძლია, ამას ვერ შევძლებ – მირჩევნია მოვკვდე“!

ასე გაეგზავნა საქმროს უარის წერილი.

რამდენიმე საათის შემდეგ მისი ქალიშვილი მოვარდა ატირებული, ლამის ფეხებში ჩამივარდა, მემუდარებოდა, ეს სასტიკი გადაწყვეტილება შემეცვალა და მამამისთვის გული არ მეტკენინებია …

თუმცა, ჩემი გადარწმუნება უკვე შეუძლებელი იყო. ნათქვამს არ გადავდიოდი და ჯიუტად ვიმეორებდი: „არ შემიძლია, არ შემიძლია!“

 

აზროვნება და ქცევა საზოგადოებრივი სტატუსის შესატყვისად

ვისბადენში, 1956 წელს – დიდგვაროვანი ოჯახის ქალიშვილებზე ზედამხედველობის ვალდებულება – 23 წლის „ბებერი“ და მარტოხელა ქალბატონისადმი გამოხატული თანაგრძნობა – პირველი საქორწინო წინადადება 13 წლის ასაკში

 

  1. 26-27:

ვიდრე ის [დეიდა ლოტი] სათამაშო დარბაზში იმყოფებოდა, ჩვენ, ორი გოგონა, გარეთ, ტერასაზე ვერთობოდით. დედაჩემიც იქვე იყო და თვალს არ გვაშორებდა. მერე კი, როცა თავად დაკავდა ამ სერიოზული ამოცანით – სხვათაშორის, თავიდან სულ იგებდა ხოლმე – , ჩვენზე მეთვალყურეობა დეიდა ლოტიმ გადაიბარა. ჩემი სიყმაწვილე იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მიღებული იყო, რომ გოგონა კარგი ოჯახიდან მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო და მისი უყურადღებოდ დატოვება 15 წუთითაც კი არ შეიძლებოდა. ქუჩაში მარტო გასვლა, თუნდაც ათიოდ ნაბიჯზე – კატეგორიულად დაუშვებელი გახლდათ. შესაძლოა, სულ მთლად განწირული არ ყოფილიყო მისი საქმე, მაგრამ რეპუტაცია კი შეელახებოდა. საყოველთაოდ მიღებული იყო, რომ ყმაწვილი ქალი ხანდაზმული ქალბატონის თანხლების გარეშე შინიდან არ უნდა გასულიყო. სწორედ ამ წესებს გაექცნენ დღევანდელი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ველოსიპედზე სხედან, მაგიდის ჩოგბურთს თამაშობენ და სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ. ჩვენ კი ამ წესებთან შეგუება გვიწევდა.

 

  1. 29:

ბევრ ნაცნობს შევხვდით, ბევრი თავად გაგვეცნო. ფრიდრიხ ფონ ჰადელნმა პირველ კადრილზე მე გამიწვია. მომეჩვენა, რომ ელვირას სახეზე ჩრდილივით გადაურბინა წყენამ. ეს ჩემი ცხოვრების პირველი კადრილი იყო. ჩვენს პირისპირ მოცეკვავე წყვილში ფონ ჰადელნის უფროსი და, ფრანცისკა, შევნიშნე. როცა ჩემმა ძმამ მითხრა, ფრანცისკა 23 წლისააო, გაოცებამ შემიპყრო და შემეცოდა კიდეც, გავიფიქრე, ახალგაზრდა აღარ არის, რაღა დროს მისი ცეკვაა-მეთქი.

 

  1. 29:

იმ ნასაუელ ოფიცრებს შორის, რომლებიც მე და დედაჩემს გაგვეცნენ, პრინცი ფილიპ ვიტგენშტაინი იყო, რომელიც, როგორც მახსენდება, ჩემს მიმართ გამორჩეულ ყურადღებას იჩენდა. ნუთუ არაერთგზის ნაცადი როლური თამაში რეალობად სწორედ ამ საღამოს უნდა ქცეულიყო? თუმცა არა, რადგან ეს ახალგაზრდა ლეიტენანტი დიდად არ მომეწონა, და გარდა ამისა, იმდენს კი ვხვდებოდი, რომ ქორწინებისთვის ჯერ ძალიან პატარა ვიყავი. სინამდვილეში კი ისე მოხდა, რომ რვა დღის შემდეგ, მეორე საკურორტო მეჯლისზე შეხვედრისას მან დედას ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა.

დედაჩემს გაეცინა: „ბავშვი ჯერ ცამეტი წლისაა. ამ გარემოების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, არ მიწყენთ, თუ უარს გეტყვით.“ ამის შემდეგ ლეიტენანტს თავი აღარ გამოუდია. ეს შემთხვევა სასიამოვნო პატარა ტრიუმფად აღვიქვი, თუმცა გულს დიდად არ მიმიკარებია

მაღალ საზოგადოებაში შესვლა/ მაღალ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება (1862 წლიდან) ზუტნერი, ქალიშვილობის გვარი კინსკიმისი წარმომავლობის მიხედვით ავსტრიის უმაღლეს არისტოკრატულ წრეს მიეკუთვნება. თუმცა მხოლოდ გვარი ხშირად საკმარისი არ არის.

  1. 55:

და აი, დადგა „დიდ სამყაროში“ ჩემი შეყვანის დროც. ჩვენი წარმომავლობა უფლებას გვანიჭებდა, არისტოკრატიის უმაღლეს წრეებში გვეტრიალა, რადგან თითქმის არ არსებობს ავსტრიაში წარჩინებული გვარი, რომელთანაც ჩვენს ოჯახს სისხლით ან ქორწინებით ნათესაობა არ აკავშირებდეს. თუმცა ის, ვისაც ჰგონია, რომ გვარი ან ნათესაობა კმარა იმისათვის, რომ მაღალმა არისტოკრატიამ თავის წრეში მიგიღოს, მას ცუდად იცნობს. იმპერატორის კარზე დასაშვებად აუცილებელი პირობა იყო, წინაპართა თექვსმეტი თაობა დიდგვაროვანი გყოლოდა – ასე იყო ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში, ახლა, [1909 წელს] მთლად ასეც აღარ არის. თუმცა, ჩვენ ამ პირობას ვერ ვაკმაყოფილებდით, რადგან დედაჩემი „ძირძველი“ არისტოკრატი არ გახლდათ. გარდა ამისა, მწირი ფინანსური შესაძლებლობებიც დაბრკოლებას წარმოადგენდა, ასე რომ, ვენის უმაღლეს საზოგადოებაში შესასვლელი ყველა გზა მოჭრილი გვქონდა (თავად საკუთარ თავს „Société“-ს უწოდებდნენ). ეს გულს მტკენდა – აჰ, როგორი ზედაპირული, ამპარტავანი და პატივმოყვარე ვინმე ვიყავი! რატომ მეგონა, რომ ცხოვრებაში ბედნიერების მისაღწევად აუცილებელი იყო „ნაღებ“ საზოგადოებაში ტრიალი, რატომ მეგონა, რომ რადგან ეს ბედნიერება არ მეძლეოდა, დაუმსახურებელი უსამართლობის მსხვერპლი ვიყავი!

Back To Top