იმ დროისათვის, როცა ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე საქართველოში ჩამოვიდნენ, კავკასიის ომი უკვე დასრულებულად ითვლებოდა. თუმცა, ომის კვალი ყველგან იგრძნობოდა და ის, შეიძლება ითქვას, დღემდე არ გამქრალა. სისხლიანი კონფლიქტი აქ ათწლეულების განმავლობაში მძვინვარებდა და დროებით დასასრულს მხოლოდ 1864 წელს მიაღწია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, 1991 წელს, დაძაბულობამ ისევ იფეთქა და რეგიონში ბევრგან გაჩაღდა ომები, მათ შორის, მაგალითად, განმათავისუფლებელი ომი ჩეჩნეთში (რუსეთ-ჩეჩნეთის ომი 1994-1996 წწ. და 1999-2009 წწ.); ან კიდევ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს აფხაზეთის რეგიონისთვის (1992-1993), და ასევე რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისთვის 2008 წლის აგვისტოში. XVIII საუკუნის ბოლოდან რუსეთის იმპერია ძალას არ იშურებდა, რომ კავკასიის რეგიონი დაეპყრო და მისი ტერიტორიები ძალისმიერი გზით მიეერთებინა. ამ დროს ყველაზე მეტად სამოქალაქო მოსახლეობა ზარალდებოდა, ვინაიდან ომის სისასტიკე და დანაშაულებები ორივე მხარისთვის ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულიყო. არც რუსი სამხედროებისა და მოგზაურების გატაცება წარმოადგენდა იშვიათ მოვლენას. დატყვევებულთა გასათავისუფლებლად კი მათ ოჯახებს დიდძალი გამოსასყიდის გადახდა უწევდათ. უამრავ რუს მწერალს, ერთი მხრივ, უზომოდ ხიბლავდა კავკასიისა და მისი კულტურების ეგზოტიკა – მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი მწერლებიცა და პოეტებიც, როგორიცაა ალექსანდრე პუშკინი, მიხაილ ლერმონტოვი და ლევ ტოლსტოი –, მეორე მხრივ, ისინი კარგად ხედავდნენ, როგორ მკვიდრდებოდა და ძლიერდებოდა კავკასიაში უსამართლობა, ჩაგვრა და საყოველთაო ძალადობა, არამარტო მკვიდრი მოსახლეობის მიმართ, არამედ თავად კავკასიელ ხალხებს შორისაც. ბევრმა ადამიანმა დაკარგა თავისუფლება და ისინი, ხშირ შემთხვევაში, არსებობის ზღვარზე მყოფნი, მაინც ცდილობდნენ თავიანთი უბადრუკი ყოფის გახანგრძლივებას. ეს მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში ხშირად ასახავდნენ კავკასიის ომის მოვლენებს და ცდილობდნენ, მკითხველისთვის იქაურობისა და მკვიდრი მოსახლეობის შესახებ შედარებით ობიექტური და დაბალანსებული სურათი მიეწოდებინათ. 1872 წელს გამოქვეყნდა ლევ ტოლსტოის მოთხრობა „კავკასიის ტყვე“, რომელიც რუსეთში დღემდე გასაოცარი პოპულარობით სარგებლობს. ალექსანდრ პუშკინის ამავე სახელწოდების ლირიკულ ნაწარმოებთან ერთად ლევ ტოლსტოის „კავკასიის ტყვე“ დღემდე განსაზღვრავს რუსეთში დამკვიდრებულ ხატსახეს კავკასიისა. მეტწილად სწორედ ამან შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ დამარცხებული მხარე საზოგადოების თვალთახედვის არეში მოექცა, და ამავე დროს, ჩამოყალიბდა სტერეოტიპები, რომლებმაც დროს გაუძლო და რომლებიც დღემდე უწყვეტად განაგრძობს არსებობას.
მოთხრობის სრული ვერსია გერმანულ ენაზე პროექტ „გუტენბერგის“ ფარგლებში იხილეთ ამ ლინკზე: „კავკასიის ტყვე“ იხილეთ მოთხრობის ვერსია ქართულად: https://saba.com.ge/books/details/8646/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94